სოფელ
აბედათს გადმოსცქერის ბჟერის მთა, რომელსაც ამშვენებდა IV საუკუნით დათარიღებული ციხე,
დღეისათვის ნანგრევებად წარმოდგენილი. სამწუხაროდ, დრომ თავისი ქნა და სახე შეუცვალა
ამ არაჩვეულებრივ ნაგებობებს, მაგრამ მაინც შერჩენია კედლებს ის სიდიადე, რომელსაც
მათი შეხებისთანავე იგრძნობ. ციხეს გარშემო გალავანი ეკრა, რომლის დანგრევასაც თურმე
რომაელები ცდილობდნენ. სწორედ ეს ომი აღუწერია ბერძენ ისტორიკოსს. ბიზანტიელი
ისტორიკოსი აგათია სქოლასტიკოსი ვრცლად წერს იმპერატორ იუსტინიანეს დროის ლაზიკის ტერიტორიაზე
სპარსეთისა და ბიზანტიის ომებზე. ამ ომების
მსვლელობისას აგათია ბევრჯერ ახსენებს ონოგურისს, მაგრამ მისი მდებარეობა ზუსტად არა
აქვს მითითებული.
სპარსეთის გამოცდილმა სარდალმა, რომელიც დიდი ჯარით
რომაელთა წინააღმდეგ დასავლეთით მიემართებოდა, გეზი შეიცვალა, ხიდი გადო „ფაზისზე“
და ჯარი გადაიყვანა მარჯვენა ნაპირზე, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ამის შემდეგ
ავტორებთან ვკითხულობთ: „ონოგურისის ციხეში, რომელიც მას წინათ გაეხადა არქეოპოლისის
მიდამოებში რომაელთა წინააღმდეგ საჭირო სასიმაგრო საფრად, ჩაყენებული იყვნენ სპარსელები,
აი, ეს სპარსელები გაამხნევა მან, სხვა რაზმიც
დაუტოვა, იქაურობა რამდენადაც შესაძლებელი იყო გაამაგრა და კვლავ კოტაისისა და მუხიანისაკენ
გაბრუნდა“.
აქ პირდაპირაა ნათქვამი ორი რამ: პირველი
- ონოგურისი არქეოპოლისის მიდამოებშია და მეორე - იგი არქეოპოლისის საფარია. ამ ცნობებზე
დაყრდნობით ს. ყაუხჩიშვილი, აგათიას ტექსტის გამოცემისას ვრცლად მსჯელობს, თუ სად იყო
ეს ონოგურისი. იგი სწორ დასკვნებს აკეთებს, რომ ციხე აუცილებლად ცხენისწყლის დასავლეთითაა,
უნაგირას მთებში და ცხადია, არქეოპოლისის სიახლოვეს. ვახუშტის ცნობით, კი - „უნაგირას
ძირში არის ნაქალაქევი, ციხე-გოჯად წოდებული“. სწორედ ამ უნაგირას მთების გაგრძელებაზე,
ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ აბედათის მთაზე მდებარეობს ის ციხე, რომელიც ონოგურისად მივიჩნიეთ.
სხვა ციხე ირგვლივ არაა, სავარაუდოა, რომ ონოგურისი ახლანდელი აბედათის ციხეა.
ონოგურისის ციხის მნიშვნელობაზე აგათია
წერს: „სპარსელებს ჰქონდათ დაპყრობილი ონოგურისის ციხე, რომელიც მათ ჩამოეგლიჯათ არქეოპოლისის
მიდამოებიდან და ჩვენთვის აუტანელ სირცხვილს წარმოადგენდა ის, რომ მტრის ჯარი მტკიცედ
ჩამჯდარიყო ზღუდის შიგნით ჩვეს მიწა-წყალზე. სტრატეგოსთა თათბირზე გაიმარჯვა იმ აზრმა,
რომ მთელი ჯარით გავმგზავრებულიყავით იმათ წინააღმდეგ, გაგვენადგურებინა ისინი და ამრიგად,
გავთავისუფლებულიყავით მეტად სახიფათო ჩასაფრებისაგან.“ როგორც ვხედავთ, ონოგურისი
არქეოპოლისის მიდამოებშია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ იგი იგივე აბედათის ციხეა.
პარმენ
ზაქარაია ვარაუდობდა, რომ ნოქალაქევის ,,საკონტროლო ზონაში’’ იყო აგებული აბედათის
ძველი ციხე, ონოგურისი და
მას IV-VI საუკუნეებით
ათარიღებდა. ხოლო
აბედათის უკვე შუა საუკუნეებში აგებული ციხე-დარბაზსა და კოშკს დადიანების საგვარეულოს მიაკუთვნებენ, ზღ.დ.-დან 130მ. ციხის
ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად დადგინდა, რომ იგი მინიმუმ სამი ფენისგან შედგება, არქიტექტურული მასალა
ძირითადად ადრეფეოდალური ხანისაა. ფლეთილი ქვით ნაგები ციხე ორი გალავნისგან შედგება, მთავარი გალავანი, რომელმაც
ჩვენამდე მოაღწია 10-12 მეტრი
სიმაღლისაა, გალავნის
ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედლები მომრგვალებულია და უერთდება სამხრეთის გალავანს. ციხის სამხრეთისა და აღმოსავლეთის
მონაკვეთები, მთის
რელიეფის შესაბამისად, მეორე
გალავნითაა შემოფარგლული. ფერდობზე
გამავალი გალავანი მასში ჩართული კოშკით, ციხის თავდაპირველ ფენას უნდა მიეკუთვნებოდეს. ციხის დათარიღება, ცხადია IV-VI საუკუნით შეიძლება, მაგრამ იგი ალბათ მთელ
შუა საუკუნეებში მოქმედი იყო, ვიდრე XVIII ს-ის ბოლომდე. გალავნის ტერიტორიაზე
გათხრების შედეგად აღმოჩენილია ელინისტური ხანის ძვ.წ. III-I საუკუნეების კერამიკული
მასალა, ასევე
დასავლეთ საქართველოს
XIII-XIV საუკუნეების კირმანეული და XVII-XVII საუკუნეების
თურქული ვერცხლის მონეტები და ჩიბუხები. ციხის შიგნით, აღმოსავლეთის კედელში, ჩაშენებულია ეკლესია, რომელიც არ უნდა იყოს
ციხის თანადროული. თავდაპირველად
ციხეს შეუძლებელია საკუთარი ეკლესია არ ჰქონოდა, მაგრამ აღმოჩენილი ეკლესია
უფრო გვიანდელია, პარმენ ზაქარაიასა და თამილა კაპანაძის აზრით, IX ს-ის უნდა
იყოს. იგი
საშუალო ზომის დარბაზული ნაგებობაა, ნაშენი ოდნავ დამუშავებული ქვით. საშენად ძირითადად გამოყენებულია
მოთეთრო კირქვა. ეკლესია
წინა საუკუნის ბოლოს განუახლებიათ და იატაკი მოუწყვიათ კარგად თლილი ქვით. ეკლესიას დასავლეთით სწორკუთხა
კარიბჭე აქვს და შესასვლელი კარიც მხოლოდ ამ მხრიდან არის.
Комментариев нет:
Отправить комментарий