პირველი მოგზაურობა

მე გახლავართ სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მე-3 კურსის კადეტი გიგა ლოლაშვილი. წარმოშობით ვარ კახეთიდან, კერძოდ,  ქიზიყიდან. ლიცეუმში სწავლა დავიწყე 2013 წელს. პირველივე დღიდან ჩემთვის მეტად სასიამოვნო იყო სწავლა ჩემს ტოლ ახალგაზრდებთან, რომლებიც ჩემი სამშობლოს სხვადასხვა კუთხეს წარმოადგენდნენ. როცა ერთად შევიკრიბებოდით, ერთმანეთს ვუყვებოდით ჩვენ-ჩვენი კუთხის ღირსშესანიშნაობათა შესახებ, სწორედ მაშინ დამებადა იდეა, შემომევლო ჩემი ქვეყანა და მის სილამაზეს უშუალოდ გავცნობოდი. ჩემი აზრი გავუზიარე კადეტ გიორგი შიხაშვილს, რომელიც სიხარულით დამეთანხმა. პირველ რიგში, მშობლების ფინანსური დახმარებით, შევიძინეთ ტურისტული აღჭურვილობა, რაც აუცილებელი პირობაა მოგზაურობისათვის. თავიდან დავიწყეთ ქუთაისის მიდამოების შესწავლა. რაც უფრო მეტ დროს ვატარებდით ღამით კარავში მოწმენდილი ცის ქვეშ, მით უფრო მატულობდა ჟინი მოგზაურობის მასშტაბების გაზრდისა. ჩვენი საქმიანობის შესახებ აზრები გავუზიარეთ ჩვენს პედაგოგებს. ქართულის, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლებმა სრული მორალური მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. ჩვენმა დამრიგებელმა, რომელიც წარმოშობით მარტვილიდანაა, შემოგვთავაზა მარშრუტი სამეგრელოს ამ  ერთ-ერთი ულამაზესი მუნიციპალიტეტის მიმართულებით. სადაც არაერთი კულტურული თუ ბუნებრივი ღირსშესანიშნაობის ხილვაა შესაძლებელი, და არამარტო ეს, თავადაც ჩვენს გვერდით ყოფნა გადაწყვიტა. ამან  ძალიან გაგვახარა და შევუდექით სამზადისს, მოუთმენლად ველოდებოდით შაბათი დღის დადგომას.
 აჰა, დადგა 2015 წლის 23 მაისი, ლიცეუმიდან დილის 8 საათზე გავდივართ Toyota-ს მარკის მიკროავტობუსით, თან წამოგვყვა რამდენიმე კადეტი და სერჟანტი. გეზს დასავლეთით ვიღებთ.  გზად წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტების სოფლებია. გავიარეთ ქალაქი ხონი, მივადექით მდ. ცხენისწყალს, საიდანაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში შევდივართ. სანამ გზას გავუდგებოდით, გავეცანით ინფორმაციას მარტვილის შესახებ.
„სამეგრელოში მარტვილს ჰქონდა ისეთივე მნიშვნელობა, როგორიც რომის ქალაქს ფრანგთა შორის დასავლეთის ეკლესიაში,- წერდა გაზეთი „ივერია“ 1878წელს.
მარტვილის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით- ხონისა და ცაგერის, სამხრეთით- აბაშის, დასავლეთით- სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები.
            მარტვილის ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი უჭირავს დაბლობებს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ  მაღლდება 60-დან 170 მეტრამდე. უმაღლესი წერტილია ტეხურას სათავე (3003მ). მარტვილის ტერიტორიას გასდევს ასხის მასივი, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და სამშენებლო კირქვით. ლებარდეს, „ჩეგოლასა“ და დვირის მთები მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით. მდინარეთა ულამაზესი ხეობები ნაპირებზე ქმნის შესანიშნავ რელიეფის ფორმებს, მცირე მდინარისპირა ვაკეებსა და ზეგნებს, სადაც ათასწლოვან ალუვიურ ნიადაგზე შესანიშნავი ბაღებია გაშენებული.
            მარტვილის რაიონის პირველი სოფელი ლეხაინდრავოა, საიდანაც მივდივართ ბანძის მიმართულებით. გავიარეთ რამდენიმე კილომეტრი მოასფალტებული გზა და გამოჩნდა ბანძაც.
            ბანძის ცენტრში შეგვხვდა ჩვენი დამრიგებლის ახლო მეგობარი, ბატონი ანზორ ბახია, რომელმაც ჩვენი მიზნის გაგებისთანავე შემოგვთავაზა გიდობა,  სიხარულით მივიწვიეთ ტრანსპორტში და ერთად გავუდექით გზას. ბატონი ანზორისაგან გავიგეთ არაერთი საინტერესო ფაქტი,  როგორც მან მოგვიყვა, ბანძაში დაიდგა პირველად შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ შალვა დადიანის მიერ. ეგნატე ნინოშვილის ტარიელ მკლავაძის პერსონაჟებიც  ბანძელები არიან, რომლებიც თავად გაიცნო ბავშვობაში, როდესაც მამიდასთან ისვენებდა. სწორედ ბანძაში იმყოფებოდა ილია ჭავჭავაძე, თავად მექი ფაღავას ოჯახში, როდესაც  წარმოთქვა ისტორიული სიტყვები: „სამეგრელოში მოვედი და საქართველო ვნახე!
            ბატონმა ანზორმა  წაგვიყვანა წყაროზე, რომელიც კურნავს კანის  არაერთ დაავადებას.  შემდეგ გავემართეთ სინაგოგისაკენ. ბანძაში ადრე ბევრი ებრაელი ცხოვრობდა, რომლებიც ისტორიულ სამშობლოში გადასახლდნენ. აქ დარჩენილია სასაფლაო, რომელსაც ქართველები უვლიან დიდი მეგობრობის აღსანიშნავად. ვნახეთ საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სინაგოგა.   ამის შემდეგ კი  გავემართეთ სოფელ აბედათისაკენ.
            მივედით სოფელ აბედათში. გადმოვედით მანქანიდან და ფეხით გავუყევით სოფლებისათვის დამახასიათებელ ქვა-ღორღიან გზას. რაც უფრო წინ მივიწევდით, მით უფრო იზრდებოდა ინტერესი იმისა, თუ რა გველოდა წინ. გზად მიმავალთ ბატონმა ანზორმა მოგვითხრო, რომ მთა, რომელსაც ჩვენ ვხედავვდით, იწოდება ბჟერის (კვაუთის) მთად, სადაც არის წმ. გიორგის ეკლესია, ასევე სამი აბანო, რომელიც არჩენს სხვადასხვა დაავადებას.  


მთაზევე არის ჭები, საიდანაც ბერები აკვირდებოდნენ ციურ სხეულებს. ეს ჭები, ლეგენდის თანახმად, გვირაბით გადის ნოქალაქევში. მთაზე არის პატარა ტბა „წკვაფანა“ (ბამბეშწყუ). არის ასევე გამოქვაბულები. სწორედ ამ მთაზე იჭერდნენ წინაპრები გარეულ ფრინველებს და წვრთნიდნენ სანადიროდ. როგორც გავიგეთ, ბატონი ანზორი ცნობილი ბაზიერია და იგი აქტიურად ინახავს წინაპართა ტრადიციებს.
            რამდენიმე წუთის შემდეგ გამოჩნდა გზის მარჯვენა მხარეს პატარა წყარო. სწორედ ამ  წყარომ მოგვიკლა წყურვილი და მიგვაგნებინა Ш საუკუნით დათარიღებული ტაძრის ხავსით დაფარული ნანგრევებისთვის.  ეს ადგილი დაფარული იყო სხვადასხვა ხე-მცენარით.  სწორედ ამ არაჩვეულებრივი ბუნებით დატკბობის მომენტში მივაკვლიეთ ერთ დაბურულ ადგილს, სადაც გამოქვაბულისათვის დამახასიათებელი, დაახლოებით  1.50 მეტრის სიმაღლის და 1 მეტრი სიგანის შესასვლელი გამოჩნდა. როგორ შეიძლება ასეთი უნიკალური რამ ნახო და არ გაგიჩნდეს სურვილი ბოლომდე შეისწავლო და დაათვალიერო. ამიტომაც შევიარაღდით წინასწარ გამზადებული ფანრებით და შევედით გვირაბში. შესვლისთანავე კედლებზე კირქვული ქანები შეინიშნებოდა, ხოლო რამდენიმე ათეული მეტრის შემდეგ, ზედაპირზე მთლიანად ტალახი და წყალი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მივხვდით, რომ აქ მთავრდებოდა ჩვენი წინსვლა. დაუდგენელია ამ გვირაბის მიმართულება და სიგრძე.  უკან გამოსვლის შემდეგ, ცოტა განაწყენებულებმა, მაგრამ საკმაოდ აღტაცებულებმა შთაბეჭდილებებით, გავაგრძელეთ გზა და კიდევ ერთი დამღლელი აღმართის გავლის შემდეგ, გამოჩნდა ციხის ნანგრევები. ეს აღმართი ბჟერის მთას მიუყვებოდა, რომელსაც ამშვენებდა IV საუკუნით დათარიღებული ციხის ნანგრევები.





შევედით ციხის ეზოში, წინ შემოგვეგება მარტოხელა ბერი მამა სტეფანე, რომელმაც სიხარულით მიგვიღო. ბატონმა ანზორმა გვიამბო, რომ XXს-ის დასაწყისში აქ მისი დიდი ბაბუა, აზნაური გაბრიელ ქაჯაია მსახურობდა დიაკვნად. კომუნისტების შემოსვლის დროს მან გადაარჩინა ხატები და სხვადასხვა სიწმინდე, რომლებიც საბოლოოდ ისევ დედა ეკლესიას დაუბრუნდა. ეს რომ გაიგო მამა სტეფანემ, მან გამოგვიტანა ჯვარი და ბარძიმი, რომელიც სწორედ გაბრიელ ქაჯაიას გადაურჩენია, დღეს კი იქ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერში, ინახება.









მოვიარეთ ციხის შემოგარენი, დავემშვიდობეთ მამა სტეფანეს, რომელმაც დაგვლოცა და გავემართეთ მარტვილისაკენ. პირველი, რაც თვალწინ გადაიშალა და რომელიც მოვინახულეთ, ესაა VIIს-ის მარტვილის მონასტერი. ეზოში ვნახეთ უზარმაზარი ჭა, რომელიც როგორც ბატონმა ანზორმა აგვიხსნა, თავის დროზე წიგნსაცავი იყო. კომუნისტების შემოსვლის პერიოდში აქ უამრავი წიგნი თუ ხელნაწერი იყო დამალული, რომლებიც ათეისტებმა საბოლოოდ მაინც აღმოაჩინეს და დაწვეს. რამდენიმე დღე იწვებოდა თურმე წიგნები, ისე დიდი იყო მათი რაოდენობა. მოვილოცეთ და დავათვალიერეთ მოანსტერი, მისი შემოგარენი, საიდანაც ლამაზად იშლება მდინარე აბაშის ხედი.
მონასტრიდან დაბლა დავეშვით და ვეწვიეთ გივი ელიავას სახელობის მუზეუმს, რომელმაც  დაარსების დღიდან გაითქვა სახელი (1957წ). ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. არ მეგონა ამ პატარა ქალაქში თუ ამდენი ღირსშესანიშნაობა ინახებოდა.

 მუზეუმის თანამშრომლებმა - ალბერტი ხუნწელიამ და ხათუნა შენგელიამ დაგვათვალიერებინეს მუზეუმი. რა არ ვნახეთ აქ: სხვადასხვა ტიპის ქანები, გაქვავებული ტყის ნაშთები, ძველი კოლხური კულტურის ელემენტები, სხვადასხვა საბრძოლო თუ შრომის იარაღი. გაგვაოცა მინაში ჩასმულმა ქანებმა, რომელიც მსოფლიოში უნიკალურია. აქ ქანები ერებისა და პერიოდების მიხედვითაა დაწყობილი. დავათვალიერეთ მუზეუმის ეზო, მეგრული ოდა, ვენახი, სადაც უნიკალური ძველკოლხური ჯიშებია შემონახული. ბატონმა ალბერტ ხუნწელიამ, როდესაც გაიგო ჩვენი მისვლის მიზანი, მოგვცა არაერთი ტურისტული რუკა და აღგვითქვა საჭიროების შემთხვევაში ყოველნაირი დახმარება. დავემშვიდობეთ მუზეუმის პერსონალს და გზას გავუდექით კანიონისაკენ. გავიარეთ სოფელი ინჩხური, გზას მარცხნიდან გასდევდა მდინარე აბაშა და აი, კანიონიც. მისი სიგრძეა 2400მ, ხოლო ჩაჭრის სიმაღლე 20-40მ. შუა ნაწილში არის 12მ სიმაღლის ჩანჩქერი. კანიონში ინახება 75 მილიონი წლის წინ მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები. იგი აღმოაჩინეს ილიას უნივერსიტეტთან არსებული დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტებმა 2010 წლის ივლისში, ხოლო აგვისტოში ილიას უნივერსიტეტმა საველე დაზვერვითი ექსპედიცია მოაწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ პალეონტოლოგები ვიაჩესლავ ჩხიკვაძე და ვასილ გაბუნია. ამ ექსპედიციის შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ გაჭედილში, მდ.აბაშის ხეობაში დინოზავრის ორი ნატერფალი აღმოჩნდა.
 სოფელ გაჭედილის კანიონი 2010 წლის 4 ოქტომბერს ნაკრძალად გამოცხადდა. 2011 წელს ილიას უნივერსიტეტმა ხელმეორედ მოაწყო რამდენიმე საკვლევი ექსპედიცია გაჭედილის კანიონში. კანიონის ზოგიერთ მღვიმეში აღმოჩნდა უძველესი ადამიანის არსებობის ნაშთები, მათი ძვლები, ნასუფრალი. გარდა ამისა, ნაპოვნია ცხოველთა გადაშენებული სახეობების ძვლებიც, მათ შორის მღვიმის დათვისა და ბიზონის ნაშთები. ექპედიიციის ერთ-ერთი მონაწილის, ვასილ გაბუნიას თქმით, კანიონში აღმოჩენილი ნაკვალევი დინოზავრის ნაფეხურების მსგავსია, თუმცა ამაზე გადაჭრით საუბარი ძნელია, მანამ, სანამ არ მოხდება კვლევა და შესწავლა აღმოჩენილი მასალებისა





ჩავედით კანიონზე, ამ ადგილს თქმულების თანახმად, ოფუცხოლეს უწოდებენ. აღნიშნულ ადგილზე ისტორიულად ვიწრო გზა გადიოდა, სადაც ყაჩაღები ხვდებოდნენ გამვლელებს, ამიტომ ეს ადგილი, რაც შეიძლება სწარაფად უნდა დაეტოვებინა გამვლელს, სწორედ აქედან მომდინარეობს სახელი „ოფუცხოლე“ -სწრაფად გასავლელი ადგილი. ჩავედით მარჯვნივ, გავყევით ვიწრო ბილიკს კლდეზე და მდინარემდეც მივაღწიეთ. როგორც ბატონმა ანზორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა: ამ ადგილს „სამოთხეს“ უწოდებდნენ, რადგან აქ დადიანების ქალბატონები შიშვლები ბანაობდნენ. ირგვლივ უამრავი ტურისტი ირეოდა, ჩვენც ჩავედით წყალში, მდ. აბაშის კამკამა წყლის სიგრილე შევიგრძენით პაპანაქება სიცხეში. წლიდან ამოსულებმა იქვე გემრიელად ვისადილეთ, ნამუსრევი ავალაგეთ, ტრანსპორტში დავბრუნდით და დიდი ემოციებით დატვირთულები გავუდექით გზას ლიცეუმისაკენ. გზაში დავგეგმეთ მეორე ექსპედიცია იმავე მიმართულებით, რათა ამ ლამაზი რაიონის სხვა ღირსშესანიშნაობებსაც  გავცნობოდით...







Комментариев нет:

Отправить комментарий